top of page
Search

პროტო-ენები და პრეისტორია: რა გვეუბნება დღევანდელი სიტყვები ჩვენს პრეისტორიულ წარსულზე

ჯემ ჰემის მიერ

თარგმნა: აიშემ


A book in an old language and script

ეტიმოლოგებს შორის ჩვეულებრივ ცოდნად ითვლება ის, რომ ადამიანები თხოულობენ სიტყვებს სხვა ენებიდან, თანდათან ცვლიან გამოთქმების მნიშვნელობებს და სხვა ცვლილებებიც შეაქვთ თავიანთ ენებში იმის მიხედვით, თუ როგორ არის მოწყობილი მათი საზოგადოება და კულტურა.


მოდით, ავიღოთ ინგლისური სიტყვები beef, pork, cow, და pig. Beef და pork, რომლებიც ძროხისა და ღორის ხორცის კულინარიული სახელებია, ისინი ნასესხებია ძველი ნორმანული ფრანგულიდან მე-10 საუკუნის შემდეგ, მაშინ როცა ინგლისელმა ფერმერებმა შეინარჩუნეს ძველი ინგლისური სიტყვები cow და pig, თავიანთი შინაური ცხოველების აღსანიშნავად. ეს ასახავს დიდ ბრიტანეთში XI საუკუნის სოციალური კლასების დემოგრაფიულ სურათს, სადაც არისტოკრატია ლაპარაკობდა ანგლო-ნორმანულ ფრანგულზე, ხოლო დაბალი კლასი – ინგლისურის ძველ ვარიანტზე.


სხვადასხვა ენის სიტყვებს ასევე შეუძლიათ მიანიშნონ კულტურული ჯგუფების უახლეს ისტორიებზე. იტალიურში, მაგალითად, სიტყვა pomodoro „პომიდორი“ მოდის ფრაზიდან pomo d’oro „ოქროს ვაშლი“, ალბათ იმიტომ, რომ იტალიაში ხალხმა პირველად მიიღო ყვითელი პომიდვრები და არა წითელი.


თუმცა, როდესაც ენას ვიყენებთ კულტურული ისტორიების გასახსნელად, ისტორიული ლინგვისტებს ეს ახალ საფეხურზე აჰყავთ. სიტყვები, რომლებსაც ვინარჩუნებთ ჩვენს ენაში, ისევე როგორც ის, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი სხვა ენების სიტყვებს, შესაძლოა გვაუწყონ კულტურულ და ტრადიციულ ნორმებზე წარსულიდან!



A map of Indo-European Branches

პროტო-ენები და ენის ცვლილება

ისტორიული ლინგვისტები ხშირად ქმნიან პროტო-ენებს — ენების წინაპართა ლინგვისტურ რეკონსტრუქციებს. რადგან ენები ხშირად ვითარდება და გაიხლიჩება ხმოვანი ცვლილებების მეშვეობით, ლინგვისტები ეძებენ ხმის შესაბამისობებს (საუბრის მსგავსი ელემენტები), რათა დაადგინონ, რომელი ენები შეიძლება წარმოშობილიყვნენ ერთი და იგივე წინაპრისგან. ამის შემდეგ, ლინგვისტებს შეუძლიათ მიახლოებითი რეკონსტრუქციების გაკეთება, რათა შექმნან პროტო-ენის ხმოვანთა ნაკრები (ენა რომელშიც ეს ხმები გვხვდება).


მოდით, მაგალითი განვიხილოთ. ქვემოთ მოცემულია სიტყვა "მამა"-ს თარგმანები ოთხ ენაზე:

ამ ოთხი სიტყვისა და სხვა ინდოევროპული ენების სიტყვა "მამა"-ს თარგმნების შეჯამებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიტყვები რაღაცნაირად დაკავშირებულია. ხმის ცვლილებების ანალიზის შედეგად, ისტორიულმა ლინგვისტებმა შეიძლება დაასკვნან, რომ სიტყვა "მამა" პროტო-ინდოევროპულში (შემდგომში PIE-ს აბრევიატურა იქნება გამოყენებული) — პრეისტორიული პროტო-ინდოევროპელების რეკონსტრუირებულ ენაში — შესაძლოა ყოფილიყო ph₂tḗr.


რადგან ეს ოთხი სიტყვა დაკავშირებულად მიიჩნევა, მათ ეწოდებათ კოგნატები. ცრუ კოგნატები — სიტყვები, რომლებიც კოგნატებივით გამოიყურება, მაგრამ სხვადასხვა წყაროდან მოდის, როგორიცაა ინგლისური day და ესპანური día — ხშირად გვხვდება. პროტო-ენებიც არ არიან გამონაკლისი ნასესხები სიტყვების მიღებაში, ამიტომ ლინგვისტები ხშირად აღნიშნავენ ასეთ რეკონსტრუქციებში არსებულ ბუნდოვანებებს, ვინაიდან ზოგჯერ საკმარისი წყარო არ არსებობს სიტყვების წარმოშობის სრულად დასადგენად.


A map of Malayo-Polynesian Languages

რას გვიყვებიან კოგნატები

რეკონსტრუქცირებადი სიტყვები, არქეოლოგიურ მტკიცებულებებთან ერთად, ისტორიულ ლინგვისტებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ პრეისტორიული ხალხების კულტურის მრავალი ასპექტი. მაგალითად, PIE-ს (პროტო-ინდოევროპული ენის) მსგავსი სიტყვების განხილვით, როგორიცაა ǵr̥h₂nóm, „მარცვალი,“ და gʷṓws, „ძროხა,“ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმდროინდელი საზოგადოება ძირითადად აგრარული იყო — მას ჰქონდა სიტყვები პირუტყვისთვის, სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და მოშინაურებული მცენარეებისათვის. PIE-ში არსებული მრავალი მამრობითი ნათესაური ტერმინი და სხვა სიტყვები, რომლებიც საზოგადოებრივ წყობას აღნიშნავს, მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება, სავარაუდოდ, პატრიარქალური და პატრილინეული (მამაკაცის ხაზით მემკვიდრეობითი) იყო.


შენარჩუნებული სიტყვები ასევე ხშირად კულტურულად მნიშვნელოვანია მემკვიდრე ხალხებისთვის. პროტო-მალაიურ-პოლინეზიური — მალაიურ-პოლინეზიური ენების, როგორიცაა ტაგალოგი, მალაიური, მალაგასი და ჰავაიური, რეკონსტრუირებული წინაპარი — შეიცავს უამრავ რეკონსტრუქცირებად სიტყვას წყალქვეშა სახეობებისთვის, როგორიცაა bulan-bulan („ინდო-წყნარი ოკეანის ტარპონი“), tiqaw („თხის თევზი“) და *qutun („მწვანე ჯობფიში“), რაც ასახავს საზღვაო კულტურებს, რომლებსაც დღეს მალაიურ-პოლინეზიური ენების მრავალი მცოდნე ფლობს.


რას გვიყვება წარსული დღევანდელობაზე

როცა ვიგებთ როგორ იცვლება ენები და როგორ გადადის სიტყვები ერთი ენიდან მეორეში, ვხვდებით უამრავ კულტურულ დეტალს. პროტო-ენების რეკონსტრუქციების დახმარებით კი შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი საზოგადოებრივი და კულტურული მხარეები, რაც არ არის დოკუმენტირებული. როცა ენებს სიღრმისეულად ვაკვირდებით და სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, პროტო-ენების და ენის ევოლუციის შესწავლა შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, როგორ ურთიერთობდნენ სხვადასხვა ხალხები ერთმანეთთან პრეისტორიულ დროში.


ამავე მეთოდებით, როცა დღევანდელ ენებს ვაანალიზებთ, შეგვიძლია გავიგოთ უფრო ბევრი იმაზე, თუ როგორია ჩვენი თანამედროვე კულტურა. სიტყვები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, ბევრ რამეს გვეუბნება წარსულის შესახებ — როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს. და ის, თუ როგორ იცვლებოდა ენები ადრე, გვაჩვენებს, როგორ იცვლება ენები ახლაც — საზოგადოებების, კულტურების და მათი მოწყობის შესაბამისად.


და მე ეს რაში შემიძლია გამოვიყენო?

თუ ლინგვისტიკაში სერიოზულად არ ხარ დაინტერესებული, მაინც შეგიძლია ამ ყველაფრის გამოყენება შენი ენის სწავლის პროცესში. მაგალითად, როცა ენებს შორის კავშირებს ამოიცნობ, უფრო იოლად აღმოაჩენ კოგნატებს (სიტყვებს, რომლებსაც ერთი ფესვი აქვთ) და თან გაიგებ, კონკრეტულ სიტყვებს რატომ აქვს კულტურული მნიშვნელობა. მაგრამ ახლა ჩვენ გვაინტერესებს — შენ როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს შენი ენის სწავლაში? მოგვწერე შენს აღმოჩენებზე ჩვენს Discord-ზე ან სოციალურ ქსელებში!

ჯემ ჰემის შესახებ

22 წლის ფილიპინო-ამერიკელი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ლინგვისტური ანთროპოლოგია, სოციოლინგვისტიკა და ისტორიული ლინგვისტიკა. საუბრობს ინგლისურად და ტაგალოგურად, ამჟამად კი ფრანგულს სწავლობს. უყვარს ლაშქრობა და მოგზაურობა და ერთ დღესაც სურს სხვა ქვეყნებიც მოინახულოს.


აიშეს შესახებ

ქართველი გოგო, რომელმაც სულ ახლახან საბოლოოდ გადაწყვიტა რუსულის სწავლის სერიოზულად მოეკიდოს და სურს მეტი გაიგოს სხვადასხვა ენებზე, კულტურებზე და ზოგადად ყველაფერზე, რაც კი მისთვის საინტერესო ჩანს. დროის უმეტეს ნაწილს კითხვის, ვარჯიშის, რუსულის შესახებ ახალი რაღაცების შესწავლის ან უბრალოდ იმის კეთებაში ატარებს რაც თავში მოუვა.



 
 

Find us on our socials

  • TikTok
  • X
  • Youtube
  • Instagram
  • Facebook
PurpleBG C Square.png
bottom of page